ჯიჰადში ჩაძირული

ახალგაზრდა თურქის ტრანსფორმაცია - ასტრონომი, რომელიც დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მეომარი გახდა

"ამერიკის ხმის" ჯგუფი "ექსტრემიზმის კვალდაკვალ"

სოციალური მედიის სტრატოსფეროში რაშიდ თუგრალმა პოპულარობა მშობლიური თურქეთის ცის მომაჯადოებელი ფოტოებით მოიპოვა. ღვიის ხის ფოტო ცაზე მბრწყინავი ირმის ნახტომის გალაქტიკის ფონზე, რამდენიმე სხვა ფოტოსთან ერთად, ჟურნალმა National Geographic თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა. თუგრალი ფინეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტში ასტროფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი იყო. ჭკვიანი, მომხიბლავი ადამიანის, თავგადასავლების და საზოგადოებაში ყოფნის მოყვარული ბიჭის ბედი, თითქოს ცის საიდუმლოებათა შესწავლა უნდა ყოფილიყო.

მაგრამ თუგრალს სხვა მისწრაფება ჰქონდა. კონსერვატიულ, მუსლიმ ოჯახში გაზრდილი, დაკვირვებული ბიჭი, კოლეჯში სწავლის პერიოდში, ჯიჰადისტურმა ვებ-გვერდებმა მიიზიდა. მათ მიერ გამოქვეყნებული ისლამის რადიკალური ინტერპრეტაცია თუგრალმა გულთან ახლოს მიიტანა, 2015 წლის დასაწყისში ოჯახს და კომფორტულ ცხოვრებას გაექცა და სირიაში მებრძოლი დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში ჩაეწერა.

ის აგვისტოში დაიღუპა, ქურთების ძალებთან შეტაკებების დროს. თუგრალი სულ 27 წლის იყო.

დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” იდეოლოგიით და პროპაგანდით ათასობით ახალგაზრდა მუსლიმი მოიხიბლა და ტერორისტების მიერ ერაყის და სირიის ტერიტორიაზე თვითგამოცხადებული ე.წ. ხალიფატის მეომარი გახდა. თუგრალის მსგავსად, ბევრმა პრივილეგიებით და შესაძლებლობებით სავსე ცხოვრებაც დატოვა. თუმცა, რაშიდ თუგრალი მათ შორის მაინც გამოირჩევა, რადგან 27 წლის ყმაწვილმა უამრავი ხელნაწერი და ფოტო დატოვა, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში მის ტრანფორმაციაზე დაკვირვების საშუალებას იძლევა.

თუგრალმა ირმის ნახტომის გალაქტიკა თურქეთში, ანტალიაში მდებარე ობსერვატორიის მახლობლად გადაიღო და “ფეისბუქზე” ის 2014 წლის 7 ოქტომბერს გამოაქვეყნა. 

თუგრალმა ირმის ნახტომის გალაქტიკა თურქეთში, ანტალიაში მდებარე ობსერვატორიის მახლობლად გადაიღო და “ფეისბუქზე” ის 2014 წლის 7 ოქტომბერს გამოაქვეყნა. 

თუგრალის დანატოვარს შორისაა მრავლისმეტყველი ავტოპორტრეტები, კატის მხიარული ფოტოები, თუ ცის ჯადოსნური სცენები. ასევეა დამაფიქრებელი ნარკვევები კოსმოსზე, თუ მის რელიგიაზე და ტირადები ურწმუნოთა წინააღმდეგ. გასულ წელს ინტერნეტში მან ძალზე დეტალური ქრონიკა გამოაქვეყნა და დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოში” თავისი ყოველდღიური განცდები დაწვრილებით აღწერა. ის წერდა ხშირ მოწყენილობაზე, დამღლელ წვრთნებზე და საჰაერო იერიშებისგან დასხლტომაზე. მაგრამ, თუგრალი დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ყველაზე ბარბაროსულ ქმედებებსაც კი, როგორიცაა თავის მოკვეთა და ქალების სექსუალური მონობა, თავგამოდებით იცავდა და მათზე აღმატებით საუბრობდა.

“ვინც ისე წავა ამ ქვეყნიდან, რომ ჯიჰადისთვის არ იბრძოლოს, ან ჯიჰადზე არ იზრუნოს, მოკვდება, როგორც ფარისეველი” - დაწერა მან ერთხელ “ფეისბუქზე”. ის ჰადითს ციტირებდა, გამოთქმას, რომელიც მუჰამედს მიეწერება. თუმცა, ისლამის ძირეული მიმდინარეობის მკვლევარები, როგორიცაა მუჰამედ აბდელფადელი, ამტკიცებს, რომ ექსტრემისტებმა რწმენა და ჯიჰადის გაგება გადააგვარეს, რომ რელიგია გმობს ტერორიზმს და მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიშებს.

რამ მიიყვანა თუგრალი აქამდე და რატომ აირჩია მან ბოლოს რადიკალიზაციის და ძალადობის გზა? “ამერიკის ხმის” ჟურნალისტები შეეცადნენ პასუხები ახალგაზრდა თურქი ასტრონომის მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ გზავნილებში და ასევე თურქულ ენაზე დაწერილ 14-გვერდიან წერილში ეპოვათ, რომელიც მან სირიაში ჩასვლის შემდეგ დაწერა. გუნდი ასევე გაესაუბრა თუგრალის რამდენიმე მეგობარს, ნაცნობს და სხვა წყაროებს, მათ შორის ძალიან მოკლედ მის მამას.

ჯიჰადი არ იყო იმ გზის დასაწყისში, რომელზეც თუგრალი იდგა. მის გამოჩენას არც ნიჭიერი ახალგაზრდის ბუნებრივი იუმორი, ცნობისწადილი და ინტელექტი მოასწავებდა. თუგრალის ცხოვრება და სიკვდილი ტრაგიკული მაგალითია იმის, თუ როგორი დასასრული აქვს ყალბ დიდებას, რომელსაც დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” იდეოლოგია თავს ახვევს მისით მოხიბლულ ახალგაზრდა მუსლიმების დაკარგულ თაობას.

ღვთისმოშიშ ოჯახში იზრდებოდა

სამ და-ძმაში თუგრალი მეორე შვილი იყო და ანკარაში, შინქანის უბანში მცხოვრებ ისეთ ოჯახში გაიზარდა, რომელიც განათლებას და რელიგიას დიდ პატივს სცემდა. მამა თურქული ლიტერატურის დოქტორი იყო და სკოლაში ასწავლიდა, უფროსი ძმა კომპოზიტორობით გატაცებული კომპიუტერული ინჟინერი, უმცროსი და - სტუდენტი. მამის მხრიდან ბიძაც მათემატიკის პროფესორი იყო.

ოჯახის თავი, სულეიმან თუგრალი 2008-2014 წლებში ისლამის შესახებ პოეზიით და კონსერვატიული შეხედულებებით გამორჩეულ ბლოგებს აქვეყნებდა. მისი სადოქტორო დისერტაციაც “ყურანის ღირებულებათა სისტემა” ისლამთან იყო დაკავშირებული, რომელშიც სულეიმან თუგრალი ჯიჰადისტებს ადიდებდა, ებრაელებს და ქრისტიანებს კი სწყევლიდა იმის გამო, რომ ალაჰის და მუჰამედის არ სწამდათ. “მათ მტკივნეული სასჯელი ელით” - წერდა ის.

სულეიმანმა და მისმა მეუღლემ, რომელიც დიასახლისია, რაშიდს ყურანის შესასწავლად, სკოლის დამამთავრებელ კლასებში კერძო მასწავლებელი აუყვანეს. ეს ღვთისმოშიშ ოჯახებში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა.

ფოტოზე: თუგრალმა მთვარის სხივზე ირმის ნახტომის გალაქტიკა “ფეისბუქზე” 2014 წლის 14 ოქტომბერს გამოაქვეყნა. ის თურქეთში, ანტალიაში მდებარე ობსერვატორიის მახლობლადაა გადაღებული. ცის ხედი 2012 წელს თურქეთში, ანტალიაში მდებარე ობსერვატორიასთან არის გადაღებული და ის 2014 წლის 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

ფოტოზე: თუგრალმა მთვარის სხივზე ირმის ნახტომის გალაქტიკა “ფეისბუქზე” 2014 წლის 14 ოქტომბერს გამოაქვეყნა. ის თურქეთში, ანტალიაში მდებარე ობსერვატორიის მახლობლადაა გადაღებული. 


ცის ხედი 2012 წელს თურქეთში, ანტალიაში მდებარე ობსერვატორიასთან არის გადაღებული და ის 2014 წლის 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

ურჩი “გენიოსი”

2007 წელს თუგრალი ფიზიკის ფაკულტეტზე ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში (METU) მოეწყო, რომელსაც მეტსახელად თურქეთის ჰარვარდს უწოდებენ. უნივერსიტეტის სეკულარული ატმოსფერო მის ოჯახურ გარემოსთან მკვეთრ კონტრასტში აღმოჩნდა, ყვება ნიჰათ ჩელიქი, მისი თანაკურსელი. ნიჰათი იმ რამდენიმე ახლობელს შორისაა, რომელიც ადასტურებს, რომ ხელნაწერები და გზავნილები სოციალურ მედიაში ნამდვილად რაშიდ თუგრალს ეკუთვნის.

“დღისით ის ლიბერალურ გარემოში კურსებს ესწრებოდა. თუმცა, ღამით თავის რელიგიურ და კონსერვატორ მშობლებთან რჩებოდა - ამბობს ჩელიქი. “წარმოუდგენელია ცხოვრებისადმი ამ ორი განსხვავებული მიდგომის ერთ ქვაბში მოხარშვა” - დასძენს ის.

ფოტოზე: ანტალიის ციცაბო ფერდობზე გადაღებული თუგრალის ავტოპორტრეტი. თარიღი უცნობია.

ფოტოზე: ანტალიის ციცაბო ფერდობზე გადაღებული თუგრალის ავტოპორტრეტი. თარიღი უცნობია.

უნივერსიტეტში სახელი ასტრონომიის და ფოტოგრაფიის სიყვარულით გაითქვა, თან, ცოტა უცნაური, თავზეხელაღებული ქცევითაც. “ის გენიოსი იყო. ძალიან კარგი კითხვების დასმა იცოდა” - ამბობს მისი პროფესორი, რომელიც უსაფრთხოების მოსაზრებით ანონიმურობას არჩევს. თუმცა, მისი თქმით, თუგრალი “საუკეთესო სტუდენტი არ იყო, რადგან დისციპლინა აკლდა და ძალიან ბევრ ლექციას აცდენდა”.

მალე ასტრონომთა კლუბში ჩაეწერა და მის ლიდერს უთქუ ბორათაჩს დაუმეგობრდა. ისინი ერთად დადიოდნენ ექსკურსიებზე და ღამის ცის შესწავლით იყვნენ გატაცებული. იმდენად, რომ ანტალიაში მდებარე ობსერვატორიას ყოველწლიური ცაზე დაკვირვების ღონისძიებების ორგანიზებაშიც არაერთხელ დაეხმარნენ, უყვება “ამერიკის ხმას” უთქუ ბორათაჩი.

თუგრალმა ასტრონომიასთან დაკავშირებული ფოტოები 2010 წელს ჟურნალ National Geographic გამოცემაში გაერთიანებულ წევრთა გვერდზე გამოაქვეყნა. შემდეგ, 2012 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსური კვლევების სააგენტოს (NASA) ფოტო-კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული ფოტოების ადაპტირებას ითვალისწინებდა. სოციალურ მედიაში მეტსახელით “ბირთვული კატა” (Nükleer Kedi) სარგებლობდა, რითაც ერთგვარად, კატისებრთა მიმართ თავის სიყვარულს გამოხატავდა.

 ეს ფოტო თუგრალმა “ფეისბუქზე” 2014 წლის 8 ოქტომბერს გამოაქვეყნა, წარწერით: “ჩაძინება მეცადინეობის დროს”. 

 ეს ფოტო თუგრალმა “ფეისბუქზე” 2014 წლის 8 ოქტომბერს გამოაქვეყნა, წარწერით: “ჩაძინება მეცადინეობის დროს”. 

“გიჟი” ნონკონფორმისტი

ოხუნჯს და ზოგჯერ ცოტა ზედმეტად უცნაურს, “ხუმრობა კარგად გამოსდიოდა, ყოველთვის და ყველაფერზე ხუმრობდა” - იგონებს მისი თანაკურსელი, რომელიც საზოგადოებაში თუგრალთან ასოცირების შიშით, ანონიმურობას ამჯობინებს. “ერთხელ უნივერსიტეტში კოლგოტით მოვიდა”, ერთხელაც წელსზევით შიშველი, მოკლე შარვალში გამოწყობილი" - ყვება ის.

ველოსიპედისტი, მთამსვლელი და მოცურავე, თუგრალი თავს ფიზიკურ გამძლეობაშიც სცდიდა. თანაკურსელის თქმით, ის “ერთხელ, მოწყენილობის გამო, ანკარიდან ქ. ქონიამდე ველოსიპედით წავიდა”. თურქეთის დედაქალაქიდან სამხრეთით მდებარე ქალაქს შორის მანძილი 262 კილომეტრს აღემატება.

“ჩემი ნაცნობების უმეტესობა გიჟად დამახასიათებდა, მაგრამ ამავე დროს, მე შემომნატრიან, რადგან ჩვეულებრივ, იმას ვაკეთებ, რაც მინდა. ჩემი მოგზაურობის გამოცდილებაც შურთ” - წერს თუგრალი ვებგვერდზე Couchsurfing.

“მიყვარს სიცილი და სხვებს რომ ვაცინებ ისიც (თუმცა, ხანდახან ტირილიც ვიცი). ჩემთან ხალხი … უმეტესად არ იწყენს”.

გადახრა რადიკალიზმისკენ

მართალია, უნივერსიტეტში თუგრალი რელიგიურ ტრადიციებს იცავდა, მაგრამ ამასთან, თავისუფლად ურთიერთობდა ადამიანებთან, ვინც მის ინტერესებს არ იზიარებდა, არ ლოცულობდა, არ მარხულობდა და თავს არც თრობის საშუალებებს არიდებდა.

“ერთხელ ყველა ალკოჰოლს ვსვამდით”, ყვება მისი კიდევ ერთი მეგობარი, რომელიც შიშობს, რომ შესაძლოა ექსტრემისტების სამიზნე გახდეს და საკუთარი ვინაობის საჯაროდ გამხელას ერიდება. თუგრალი “ჩვენთან ერთად არ სვამდა, მაგრამ ამ საქციელის გამო, სულ თავის თავზე ხუმრობდა”.

2013 წელს თუგრალმა მონაწილეობა მიიღო ანტისამთავრობო მიტინგებში და პასუხების ძიება უფრო საკუთარ სარწმუნოებაში დაიწყო. თანდათან იცვლებოდა, ამბობს მისი ახლო მეგობარი ასტრონომთა კლუბიდან, უთქუ ბორათაჩი.

თუგრალი უნივერსიტეტის სეკულარულ უმრავლესობას ნელ-ნელა ჩამოცილდა. შემდეგ დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ტრადიციისამებრ, წვერი მოუშვა და თმის შეჭრაც შეწყვიტა. “ფეისბუქზე” ბრაზობდა: “უნივერსიტეტის კომუნისტები მაშინათვე შენს დასაცინად შეიყრებიან, როგორც კი საკუთარ ძმებს შუბლზე შუბლის შეხებით მიესალმები”.

ფოტოზე: საღამოს ლოცვის შემდეგ, მორწმუნეები ვახშმის მოლოდინში არიან. ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (METU) მეჩეთი. 2015 წლის 22 თებერვალი, ანკარა, თურქეთი. ფოტო METU თურგალის ფოტო: ხედი ანტალიის ობსერვატორიიდან. გამოქვეყნებულია 2014 წლის 26 ოქტომბერს. 


ფოტოზე: საღამოს ლოცვის შემდეგ, მორწმუნეები ვახშმის მოლოდინში არიან. ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (METU) მეჩეთი. 2015 წლის 22 თებერვალი, ანკარა, თურქეთი. ფოტო METU 

თურგალის ფოტო: ხედი ანტალიის ობსერვატორიიდან. გამოქვეყნებულია 2014 წლის 26 ოქტომბერს. 

უნივერსიტეტის მეჩეთის წრეში თუგრალი უფრო და უფრო მეტ დროს ატარებდა. ისინი საათობით მსჯელობდნენ ყურანზე, “აბზაც-აბზაც, სიტყვა-სიტყვით” განიხილავდნენ, ყვება ბორათაჩი. “ერთხელ, როცა “ფეისბუქზე” ისლამზე დაწერა, კომენტარის გაკეთება ვცადე... მინდოდა გვემსჯელა ამაზე, მაგრამ აღარ მიპასუხა”.

ყურანის სწავლებებში ხანდახან დღეების მანძილზე ეფლობოდა. ზოგჯერ რამდენიმე კვირაც კი გავიდოდა ისე, რომ მეჩეთიდან არ გამოვიდოდა, ეუბნება “ამერიკის ხმას” ჩელიკი, რომელიც თურგალს ასტრონომთა კლუბიდან იცნობდა. ის მეგობრის რადიკალიზაციას ნაწილობრივ სწორედ ამ პერიოდს, მეჩეთის სასწავლო ჯგუფში გაწევრიანებას უკავშირებს. 2014 წლის გაზაფხულზე “ამ ჯგუფიდან კიდევ ერთი ადამიანი წავიდა სირიაში, თუ ერაყში”, ამბობს ის. “ვინ იცის, რა მოუვიდა, მის შესახებ აღარაფერი გვსმენია”.

2015 წელს გამოცემამ Newsweek ჯიჰადის ახალწვეულებზე გამოქვეყნებულ მასალაში, თუგრალიც მოიხსენია. ის წერდა, რომ მეჩეთის სასწავლო ჯგუფის ყოფილი წევრი დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს” შეუერთდა. ინტერნეტში გამოცემამ თუგრალის ჯიჰადის ვიდეოებიც გამოაქვეყნა. Newsweek წერს, რომ ისინი თურქეთის ხელისუფლებას მაშინ დაუსხლტნენ, როცა მთავრობის ყურადღება უფრო მეტად სირიის საზღვარზე, უცხოელი მებრძოლების ქვეყანაში შემოსვლისგან დაცვაზე იყო კონცენტრირებული.

ორატორული ნიჭის წყალობით, თუგრალი უნივერსიტეტის მეჩეთში პერიოდულად თავად უძღვებოდა ლოცვებს - უთხრა ადგილობრივ გაზეთს BirGun Daily უფუქ თასტანმა, უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრის უმცროსმა მკვლევარმა. ისიც თუგრალის თანაკურსელი იყო.

მალე თუგრალმა ჯიჰადის მხარდაჭერა ღიად, საჯაროდ დაიწყო. “ფეისბუქზე” ის სირიის მშვიდობიან მოსახლეობას გლოვობდა, რომელიც, მისი თქმით, რუსების, სირიელების და ამერიკის ლიდერობით მოქმედი კოალიციის საჰაერო იერიშების გამო დაიღუპნენ. ის ასევე გმობდა თურქეთის მთავრობას და საზოგადოებას.

“დროდადრო მთავრობას კორუფციის და ქრთამების აღების გამო აკრიტიკებდა” - ყვება ჩელიკი. თუგრალს სჯეროდა, რომ პრეზიდენტმა რეჯებ-ტაიპ ერდოღანმა “ისლამის არასწორი ინტერპრეტირება მოახდინა”.

ფინეთში სწავლის პერიოდი

უნივერსიტეტი 2014 წლის გაზაფხულზე დაამთავრა. იმავე წელს თუგრალი მაგისტრატურაში მოეწყო და შემოდგომაზე სწავლა ფინეთის უნივერსიტეტში Jyväskylä გააგრძელა. კლიმატის და გეოგრაფიის დრამატული ცვლილება მოეწონა კიდეც. “ფეისბუქზე წერდა, რომ “ახალი კამპუსი ნამდვილად, გაცილებით სჯობს ძველს”.

სოციალურ მედიაში თუგრალი სკანდინავიური ფერადი შემოდგომის ფოტოებს სითბოთი აქვეყნებდა. ასევე იღებდა უამრავ კატების, ციყვების და სხვა ცხოველების ფოტოებსაც.

თუგრალის ფოტოზე ფინური სოფელია - Äkäslompolo. ის 2014 წლის 26 დეკემბერს გამოქვეყნდა.  პოლარული ციალიც თუგრალმა გადაიღო, ფინეთის ერთ-ერთ ეროვნულ პარკში და ფოტო “ფეისბუქზე” 2014 წლის 27 დეკემბერს გამოაქვეყნა. 


თუგრალის ფოტოზე ფინური სოფელია - Äkäslompolo. ის 2014 წლის 26 დეკემბერს გამოქვეყნდა.  

პოლარული ციალიც თუგრალმა გადაიღო, ფინეთის ერთ-ერთ ეროვნულ პარკში და ფოტო “ფეისბუქზე” 2014 წლის 27 დეკემბერს გამოაქვეყნა. 

თუგრალს სწავლა ნაკლებად აინტერესებდა. დროს უფრო მეტად ადგილობრივ ან-ნურის მეჩეთში ატარებდა.

“ლექციებს არ ესწრებოდა და დროის უმეტეს ნაწილს მეჩეთში, ან, სახლში თუ იყო, ინტერნეტში ატარებდა” - უთხრა თურქულ გაზეთს BirGun Daily ერთ-ერთმა მეზობელმა ანბუ პოსაკანუმ.

მისი თქმით, თუგრალი ხშირად ამბობდა, რომ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოში” გაერთიანება სურდა. “ამერიკის ხმამ” პოსაკანუსთან დაკავშირება ვერ შეძლო.

ბორათაჩი ყვება, რომ ფინეთში გამგზავრებამდე მეგობარს მოშვებული წვერის გამო ეხუმრებოდა: “ხუმრობით ვკითხე, ფინეთში ასეთი გარეგნობით როგორ შეგიშვებენ? არ შეგეკითხებიან, ჯიჰადს ხომ არ გინდა რომ შეუერთდე”?

“ისინი მიზნების მიხედვით აფასებენ და არა გარეგნობით, როგორც აქ” - იყო მეგობრის პასუხი.

მაგრამ მაგისტრატურის სტუდენტის მიზნები გაზეთის BirGun Daily მიხედვით, მაინც ეჭვს იწვევდა. იგივეს ამბობს გამოცემაც Newsweek, რომლის ინფორმაციითაც პოლიციამ თუგრალი “ფეისბუქის” გზავნილების გამო კამპუსის გარეთ დაკითხა.

ადგილობრივი მეჩეთის პრეზიდენტი ხალიდ ბელამინი “ამერიკის ხმასთან” საუბარში ადასტურებს, რომ მას თუგრალის გამო ფინეთის უსაფრთხოების წარმომადგენლები დაუკავშირდნენ. თუმცა, მისი თქმით, ისინი “თუგრალს პირადად არ შეხვედრიან და ადგილობრივ საზოგადოებაში მას არავინ იცნობდა”.

“ჩვენი დაკვირვებით, ის მეჩეთში გვიან მოდიოდა და არავის ელაპარაკებოდა” - ამბობს ბელამინი. “რამე რომ შემემჩნია, აუცილებლად შევატყობინებდი”.

ფოტოზე: თუგრალი სამხრეთ ფინეთში მდებარე დასახლების  Äkäslompolo მე-7 საერთო საცხოვრებელს სტუმრობს. 


ფოტოზე: თუგრალი სამხრეთ ფინეთში მდებარე დასახლების Äkäslompolo მე-7 საერთო საცხოვრებელს სტუმრობს. 

ვიდრე ფინეთს ზამთრის არდადეგებზე დატოვებდა, თუგრალმა თავისი DSLR ფოტოაპარატი ჰელსინკის საკათედრო ტაძარს და ლაპლანდიის რეგიონის მე-7 საერთო საცხოვრებელს გადასცა. იმიტომ, რომ მისი მფლობელი “ჩემსავით გამოცდილი ფოტოგრაფი იყო” - დაწერა მან მოგვიანებით “ფეისბუქზე”.

თუგრალი ჰელსინკის საკათედრო ტაძართან, ფინეთის ევანგელურ-ლუთერანული ტაძრის წინ. 17 დეკემბერი, 2014 წ.

სიცრუე და გაქცევა

თუგრალი შინ, ანკარაში გაფრინდა. ჯიჰადისკენ ბოლო, რისკიანი ნაბიჯის გადადგმამდე, საკუთარი სახლი ერთგვარ შუალედურ პუნქტად გამოიყენა. მშობლებს უთხრა, რომ 2015 წლის 10 იანვარს უნივერსიტეტის ძველ მეგობრებს ხვდებოდა. მაგრამ, ამის ნაცვლად, ზურგჩანთა ჩაალაგა და სირიაში გასამგზავრებლად გაემზადა.

“წასვლამდე ჩემი ბედი ღმერთს მივანდე” - დაწერა მან მოგვიანებით. ფეხით ბევრი იარა, მიკროავტობუსითაც იმგზავრა, “მივხვდი, რომ ფოტოაპარატი დამრჩა”, იგონებს თუგრალი. ის სულ თან დაჰქონდა, იღებდა და ქმნიდა ყველაფრის დოკუმენტს, ცა იქნებოდა ეს, გარემო, ნივთები, თუ საკუთარი ევოლუცია. მაგრამ ჩათვალა, რომ არაუშავს, “რა დიდი ამბავია” - ასე გადაწყვიტა.

სირიაში გადასვლა

ის, რაც ამის შემდეგ მოხდა, მხოლოდ თუგრალის ვრცელი წერილიდან ვიცით, რომელიც მის ცხოვრებას მხოლოდ ფრაგმენტულად ასახავს. თუგრალს ინტერნეტზე და სოციალურ მედიაზე ხელი მუდმივად აღარ მიუწვდება. წერილი, სათაურით “სალამი ხალიფატის მიწიდან” მან “ფეისბუქზე” 2015 წლის 25 მარტს გამოაქვეყნა.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარზე მდებარე ქალაქ სანლიურფაში ის ტუნისელებთან, ლიბიელებთან და საუდის არაბეთის მოქალაქეებთან ერთად მოხვდა, რომელთაც დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოში” გაერთიანება სურდათ. სირიის საზღვარი არალეგალურად გადაკვეთეს. “დიდხანს მოგვიწია სირბილი. ჭკვიანურად მოვიქეცი, რომ მძიმე ზურგჩანთა არ წავიღე” - წერს თუგრალი.

ისინი დაჯგუფების ავღანელმა წევრმა, გრძელთმიანმა ავღანელმა მანქანით გადაიყვანა. გზაზე ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” დიდი, შავი დროშის ქვეშ გაიარეს და გეზი სირიის ქალაქ თალ აბიადისკენ აიღეს. სანთლის შუქით განათებულ სახლში მიიყვანეს, სადაც პასპორტები, ელექტრონული მოწყობილობები და სხვა ნივთები ჩამოართვეს. თუმცა, თუგრალმა შეძლო დაარწმუნებინა დაჯგუფების მებრძოლი, რომ ტელეფონი რამდენიმე წამით დაეტოვებინა, რათა ოჯახისთვის წერილი გაეგზავნა.

“ცუდი დაჭერის გამო, ინტერნეტთან დაკავშირება ძალიან ძნელი იყო”, წერს ის. ოჯახს ვერაფერი მივწერე, ტელეფონის ჩამორთმევამდე ვერც იმეილები ვერ გავაგზავნე. “სად მივდივარ? დავიწყე ჩემთვის ფიქრი, თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს”.

დაჯგუფებამ ახალი მოხალისეები დაჰკითხა და თითოეულს მეტსახელი მისცა. “ჩემი, რა თქმა უნდა აბუ ჰურაირა იყო” - წერს თუგრალი. არაბულად ეს მამა კატას ნიშნავს.

თურგალი ე.წ. ხალიფატის თვითგამოცხადებულ დედაქალაქ რაქაში, ქვიშის ქარიშხლის გამო, სახის უმეტეს ნაწილს იბურავს. 6 დეკემბერი, 2015 წ.

თურგალი ე.წ. ხალიფატის თვითგამოცხადებულ დედაქალაქ რაქაში, ქვიშის ქარიშხლის გამო, სახის უმეტეს ნაწილს იბურავს. 6 დეკემბერი, 2015 წ.

საძმო და მოწყენილობა

რამდენიმე დღეში თუგრალი სხვა სახლში გადაიყვანეს, სადაც კედლები ტყვიებით იყო დახვრეტილი. ვარაუდობს, რომ “ალბათ ბრძოლით ჩაიგდეს ხელში”. იქ 20 სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა, რომელთაც დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” დახმარება სურდათო, ყვება. ერთი გერმანიიდან ჩამოსული მოკრივე ყოფილა, მეორე ბანგლადეშელი ინჟინერ-მექანიკოსი. მესამე პირდაპირ საფრანგეთის ციხიდან მოდიოდა. ერთ-ერთს ჩინეთიდან იქამდე ჩასვლაში 15 000 დოლარი გადაუხდია.

რამდენიმე დღეში თუგრალი რვა ახალწვეულთან ერთად, მიკროავტობუსზე დასვეს და რაქაში, ე.წ. ხალიფატის თვითგამოცხადებულ დედაქალაქში გადაიყვანეს. “სამოთხეში შეხვედრამდე”! - მხიარულად დაემშვიდობა თურმე დანარჩენებს.

ვიდრე შარიათის შესწავლის და ფიზიკური ვარჯიშის დაწყებას მოუთმენლად ელოდა, რაც დაჯგუფების მეომრებს ბრძოლაში ჩართვამდე მოეთხოვებოდათ, თუგრალი რაქას ათვალიერებდა. ქალაქი “დიდი და ხალხმრავალი იყო… ხალხი ჩვეულებრივ აგრძელებდა ცხოვრებას, თავის მოკვეთების გარეშე” - იგონებდა ის თავის წერილში. “დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ყველაზე ლამაზი მხარე მოწევის ნებისმიერ ადგილზე აკრძალვაა”. თუგრალი თან უკმაყოფილოა იმით, რომ მოტოციკლეტები იქნება, თუ გამათბობლები, “ყველგან დიზელი იწვის” და სულ გამონაბოლქვის სუნია.

რაქაში თუგრალმა სხვა უცხოელ ახალწვეულებთან ერთად, ორი კვირა დაჰყო. ცივ სახლში ცხოვრობდა, სადაც წყალი აკლდათ და საჭმელადაც კვერცხის გარდა, იშვიათად თუ რამე ჩაუვარდებოდათ. ყელი ტკიოდა, თუმცა ეს გაცილებით ნაკლები სადარდებელი იყო იმ საჰაერო იერიშებთან შედარებით, რომელიც კარ-ფანჯარას ისე აზანზარებდა, “თითქოს გრიგალი მძვინვარებდა… ყოველ წამს ბომბის თავზე დაცემის საშიშროების წინ ვიდექით”.

საბრძოლო სამზადისი

შემდეგი რამდენიმე თვე თუგრალი გამუდმებით კარ-დაკარ გადაჰყავთ, ხან რაქაში, ხან ჰომსში. ჩივის, რომ ცხოვრების პირობები ცუდია, ცივა, ხალხმრავლობა და სიბინძურეა. “ერთ ოთახში 30 კაცს ერთად გვეძინა და თან მუდმივად კიდევ უფრო მეტი ხალხი მოჰყავდათ” - წერს ის.

ერთ ადგილას სახლის პრიმიტიულ მოწყობას აღწერს: ჩვეულებრივი გამოქვაბული, თუმცა, დაჯგუფების მიერ ლეიბებით მოწყობილი, სარეცხი მანქანით და გენერატორით. “ბევრი რამ ხელში ბრძოლების შედეგად ჩაიგდეს”. მაგალითად - გადასაფარებლები გაეროს იერლიყებით, რომლებიც სავარაუდოდ, დევნილებისთვის იყო განკუთვნილი.

თუგრალის ფიზიკური მომზადება იმ გამოქვაბულში გადასვლის პირველივე დღეს დაიწყო. მეომრებს ტალახში სიარულში და ერთმანეთზე გადახტომაში ავარჯიშებდნენ. თუგრალს ფინეთში ნაყიდი ქურთუკი და შარვალი ეცვა. “ტალახში სიარული ამით არ მინდოდა, მაგრამ მიწევდა” - წერს ის და მომავალ მოხალისეებს კამუფლაჟის წამოღებას ურჩევს.

იმ გამოქვაბულში თუგრალთან ერთად ბრიტანელი სამოქალაქო ინჟინერი და მისი ვაჟი ცხოვრობდნენ. “მათ თანავარსკვლავედებზე რაღაცეები გაეგებოდათ და მეც, ვიდრე რამეს შემეკითხებოდნენ, ახსნა დავუწყე”. მათ კი ჰქონდათ გამოქვაბულში ელექტროობა, მაგრამ ქალაქის უმეტესობას შუქი არ ჰქონდა, ამიტომაც სინათლის დაბინძურება ვარსკვლავების დანახვაში ხელს არავის უშლიდა.

“შემიძლია ვთქვა, რომ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოში” ცა თითქმის ყველგან მოწმენდილია”.

ცის შიში

ახალწვეულებს თითქმის ყველგან საჰაერო იერიშებით უტევენ. სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის თვითმფრინავები “ყოველდღე თავს დაგვტრიალებენ… ერთი ბომბი ისე ახლოს ჩამოვარდა, რომ ხმამ დაგვაყრუა და ჩვენს გვერდით დიდი ორმო გააჩინა”.

თუგრალი პირველყოფილი ადამიანის ცხოვრებით დაიღალა. დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ბევრ პრობლემასაც აუღო ალღო: ცუდი სანიტარული პირობები, ცუტი ორგანიზება და საეჭვო მოტივები ზოგ ახალწვეულში. მოლდოველმა მოხალისემ, რომელიც ადრე ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ალ-ნუსრას ფრონტის რიგებში იბრძოდა, “მითხრა, რომ ზოგიერთი მოჯაჰედი დაჯგუფებაში გამორჩენისთვის მოდის, რომ კარგი ფული და სახლი იშოვოს” - წერს ის.

და მაინც, თუგრალს უტოპიური მომავლის სწამს.

“დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო სრულყოფილი არ არის. დიახ, ეს ისლამური სახელმწიფოა, მაგრამ ადამიანების შეცდომები სახელმწიფოს ბრალი არ არის” - ამბობს თუგრალი. “რაღაცეები კარგად არ ფუნქციონირებს, სისუფთავეზე ლაპარაკი ზედმეტია, მოძრაობის წესები დანერგილი არ არის. მაგრამ, ჩვენ შევეცდებით ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვასწოროთ, განსაკუთრებით იმიგრანტების დახმარების ხარჯზე” - წერს თუგრალი. იმიგრანტებში, როგორც ეს დაჯგუფებაშია მიღებული, ის უცხოელ მეომრებს გულისხმობს.

დაჯგუფების მებრძოლთან ერთად გადაღებულ ფოტოზე თუგრალი მარცხნივ დგას. რაქა, სირია, 9 ივლისი, 2015 წ. სირიის ქალაქი დეირ ეზ-ზორი დაჯგუფების და სამთავრობო ძალების გამუდმებული შეტაკებების შემდეგ მოჩვენებათა ქალაქად იქცა - თუგრალის მინაწერი “ფეისბუქზე” დადებულ ფოტოზე. 9 აგვისტო, 2015 წ.    

დაჯგუფების მებრძოლთან ერთად გადაღებულ ფოტოზე თუგრალი მარცხნივ დგას. რაქა, სირია, 9 ივლისი, 2015 წ. 


სირიის ქალაქი დეირ ეზ-ზორი დაჯგუფების და სამთავრობო ძალების გამუდმებული შეტაკებების შემდეგ მოჩვენებათა ქალაქად იქცა - თუგრალის მინაწერი “ფეისბუქზე” დადებულ ფოტოზე. 9 აგვისტო, 2015 წ.    

ბრძოლაში ჩართვა

გამოქვაბულში დაახლოებით ერთი თვე დაჰყო. შემდეგ ხუთ ახალწვეულთან ერთად მეომრებში ჩაწერეს და შედარებით გამოცდილ მებრძოლებთან ერთად საბრძოლო ოპერაციებში ჩართეს.

პირობები მოულოდნელად გაუმჯობესდა - იგონებს თუგრალი. მეომრები ჰომსის მახლობლად იყვნენ დაბანაკებული. თითოეულს ახალი საბანი მისცეს. ტაჯიკი შეფ-მზარეული “ჩვენს კულტურასთან დაახლოებულ კერძებს ამზადებდა”. ის საკვებისთვის კვირაში ერთხელ ცხვარს კლავდა. თითქმის ყოველდღე გვაძლევდნენ ბანანს და ფორთოხალს. კიდევ დღეში სამ-ოთხ “სნიკერსს” გვირიგებდნენ”.

პირველ ბრძოლაში თუგრალს დაავალეს სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა იმ ცოდნაზე დაფუძნებით, რაც უნივერსიტეტში პირველადი დახმარების ტრეინინგების დროს ისწავლა. “ექიმობა მომიწია”, წერს ის. “აქ შეიძლება მცირედი სამედიცინო განათლებაც კი გამოიყენო”.

“პირველად გავიგე ასე ახლოს ტყვიების ხმა: ბუხ, ბუხ” - იგონებს თუგრალი. სხვებთან ერთად “გორაკებს ამოვეფარე, როცა ტანკების და არტილერიის ხმა გავიგეთ”. რამდენიმე საათის მანძილზე წვიმდა და მყინვარე ქარი უბერავდა. შემდეგ უკანდახევის ნება დართეს. კარავში, რომელიც ჰოსპიტლის ფუნქციას ასრულებდა, ორი დაღუპული და ექვსი დაჭრილი იყო. “ყველგან სისხლის სუნი მცემდა”.

ბარბაროსობის დაცვა

ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, თუგრალი მეგობარ ჯიჰადისტთან ერთად ბაზაზე “ტრიუმფით” დაბრუნდა. ბრძოლის ველზე ხელში მოწინააღმდეგის ორი ტანკი, ერთი მომცრო სატვირთო და რამდენიმე ჭურვი ჩაიგდეს. თან “სამი მოკვეთილი თავი” მოჰქონდათ.

მოგვიანებით ის ძველ მეგობარ ბორათაქთან დაჯგუფების მიერ თავების მოკვეთის პრაქტიკას “ფეისბუქზე” იცავდა. ბორათაქი ეკითხებოდა, თუ რატომ იყო ჩართული “ისეთ ჯგუფში, რომელიც უდანაშაულო ადამიანებს ხოცავს და თავებს აჭრის. ეს ფსიქოპათიაა”.

თუგრალი ამტკიცებდა, რომ ეს სირიის რეჟიმის მხარდამჭერთა დასჯის საშუალებაა, “რომლებმაც ბევრი უდანაშაულო ადამიანი მოკლეს”, კიდევ იმიტომ, რომ “უარყოფენ” ისლამის ავტორიტეტს და “ამერიკის მონები გახდნენ”. თუგრალი ასევე იცავდა ჯიჰადისტების მიერ ქალების სექსუალური დამონების პრაქტიკას. საუბარია ძირითადად იეზიდთა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებზე.

თავის მოკვეთა სტრატეგიული მიზანს ემსახურება, ეუბნება თუგრალი ბორათაქს: “ეს რაღაცეები მხოლოდ ტელევიზიებზეა გათვლილი, რომ მტერი შევაშინოთ. როცა ამას დაინახავენ, შეშინდებიან და გაიქცევიან”.

ჯიჰადისტი პატარძალი

სადღაც 2015 წლის აპრილის პირველ ნახევარში, თუგრალი ქურთებთან ბრძოლაში დაჭრეს. ეს სასაზღვრო ქალაქ თალ აბიადთან მოხდა. ჭრილობის მოსაშუშებლად, რომელსაც ის წერილში არ აკონკრეტებს, თუგრალი რაქაში გაემგზავრა.

დაჭრილი თუგრალი სირიის ქალაქ თალ აბიადში ჭრილობას მკურნალობს. ფოტო 2015 წლის 17 აპრილს გამოქვეყნდა.

დაჭრილი თუგრალი სირიის ქალაქ თალ აბიადში ჭრილობას მკურნალობს. ფოტო 2015 წლის 17 აპრილს გამოქვეყნდა.

შემდეგ თვეში თუგრალი ქორწინდება. მისი მეუღლე დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მხარდამჭერი თურქი ქალია, სახელად აიშა ზევრა ეთ-თურქი.

რამდენიმე ხნით ადრე, თუგრალი “ფეისბუქზე” წერდა, რომ მარტოხელა ჯიჰადისტების ხელფასი თვეში 100 დოლარია და ისინი ბინას 6 სხვა მებრძოლთან ერთად იყოფენ. უცხოელ მებრძოლებს “ქორწინების ვადად ოთხი თვე ეძლევათ… დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” ცოლის და შვილების ფინანსურ დახმარებასთან ერთად, სახლსაც გაძლევს”.

ქორწილის შემდეგ, თუგრალი სოციალურ მედიას საგრძნობლად ჩამოცილდა. ბორათაქი შეეცადა მას “ფეისბუქის” საშუალებით დაკავშირებოდა, რომ ეკითხა, რატომ აღარ ჩანდა და თან ეგებ თურქეთში დაბრუნებაშიც დაერწმუნებინა.

“მიპასუხა, რომ ახალი დაქორწინებულია და მისი ცოლი ეჭვიანობს, როცა სოციალურ მედიას დიდ დროს უთმობს” - უთხრა ბორათაქმა “ამერიკის ხმას”. თუმცა, “ვერ გავიგე, ხუმრობდა, თუ ამას სერიოზულად მეუბნებოდა”.

იმის მიუხედავად, რომ თუგრალის აქტიურობა “ფეისბუქზე” და “ტვიტერზე” მკვეთრად შემცირდა, იშვიათ გზავნილებში მაინც კარგად იკვეთება ის, თუ როგორ გაძლიერდა მისი მისწრაფება რადიკალური ჯიჰადისადმი და კიდევ უფრო გამყარდა მისი მტკიცე რწმენა. თუგრალი ისევ აპროტესტებს სირიის, რუსეთის და ამერიკის წინამძღოლობით მოქმედი კოალიციის საჰაერო იერიშებს და მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში. ყველაფრის შარიათის მიხედვით კეთების ადვოკატად რჩება, “საკვებით დაწყებული, საპირფარეშოში შესვლით დამთავრებული”.

ის ასევე აკრიტიკებს სირიელ არაბებს, მათ, ვინც, მისი თქმით, ყურანს სწორად ვერ ციტირებენ და სწორი ისლამური მისალმებაც კი არ იციან. “როცა რიგით ადამიანებს რაქაში ვეუბნები: მშვიდობა მოგეცეთ”, მპასუხობენ: სალამი, სალამი. ამის ატანა აღარ შემიძლია”.

ურწმუნოებს - “ბილეთი ჯოჯოხეთში”

ძველი თუგრალი, რომელიც ერთ დროს მეცნიერებით იყო გატაცებული, მასში ბოლომდე არ გამქრალა. ის პერიოდულად აქვეყნებს ადრე დაარქივებულ ფოტოებს ასტრონომიაზე. ხანდახან გვხვდება კომენტარები გეოლოგიის საკითხებზე, ფარმაკოლოგიური კომპანიების შესახებ, იმაზე, რომ კომპიუტერის მეხსიერება შესაძლოა ისეთივე უსაზღვრო იყოს, როგორც ვარსკვლავური სამყარო.

“ტვიტერზე” ის ისეთ მეცნიერებს აქებს და ადიდებს, როგორიცაა ფიზიკის ამერიკელი თეორეტიკოსი რიჩარდ ფეინმანი. თუმცა, ყველას აფრთხილებს, რომ “სიკვდილამდე ისლამზე მოექცნენ”. თუგრალი ერთხელ ნობელის პრემიის ლაურეატ ამერიკელ ფიზიკოსს უოლტერ კოჰნს შეხვდა და მასთან ერთად სურათიც გადაიღო. მაგრამ, 2015 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ, “ტვიტერზე” დაწერა, რომ არამუსლიმმა მეცნიერმა “სამწუხაროდ, ბილეთი ჯოჯოხეთში აიღო”.

თუგრალი ამერიკელ ფიზიკოს უოლტერ კოჰნთან ერთად. თარიღი და გადაღების ადგილი უცნობია. 


თუგრალი ამერიკელ ფიზიკოს უოლტერ კოჰნთან ერთად. თარიღი და გადაღების ადგილი უცნობია. 

სიკვდილი აგვისტოს დასაწყისში მოვიდა. თუგრალი რაქას ჩრდილოეთით, ამერიკის მიერ მხარდაჭერილ ქურთებთან ბრძოლაში მოკლეს. ინფორმაცია ამის შესახებ ისლამისტების სოციალური მედიით გავრცელდა. დაჯგუფებამ იმ პერიმეტრზე ბრძოლა წააგო და უკან დაიხია.

მოკლე კომენტარით, რომელიც დაღუპული ჯიჰადისტის მამამ “ამერიკის ხმასთან” გააკეთა, გაირკვა, რომ თუგრალის გარდაცვალების ფაქტი მეუღლემ ტელეფონზე საუბრით დაადასტურა და თქვა, რომ მას სირიაში დაკრძალავენ.

სულეიმან თუგრალმა 2015 წლის აგვისტოში მასთან მისულ “ამერიკის ხმის” ჟურნალისტს ისიც უთხრა, რომ შვილის სამშობლოში გადასვენება სურდა და თურქეთის ოფიციალურ პირებს ვითარების გამოძიების მოთხოვნით უკვე მიმართა. “ჩვენ არ ვიცით, თუ როგორ დაიღუპა ის” - ამბობს თუგრალის მამა. “საქმე ანკარის პროკურორის ოფისამდე მივიყვანეთ და პასუხს ველოდებით”.

სხვა დეტალებზე მან საუბარი არ ისრუვა და ინტერვიუზე ოჯახის დანარჩენმა წევრებმაც უარი თქვეს.

ფოტოზე, რომელიც 8 აგვისტოს ისლამისტების სოციალურ მედიაში გავრცელდა, თუგრალი სავარაუდოდ, სიკვდილის შემდეგაა გადაღებული. 

ფოტოზე, რომელიც 8 აგვისტოს ისლამისტების სოციალურ მედიაში გავრცელდა, თუგრალი სავარაუდოდ, სიკვდილის შემდეგაა გადაღებული. 

“იმედია, შემდეგ ცხოვრებაში გნახავთ”

თუგრალის ბოლო სიტყვები “ფეისბუქის” გვერდზე 31 აგვისტოს გაჩნდა, დაღუპვიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ. “აქ თუ დიდხანს აღარაფერი დავწერე, იცოდეთ, რომ ამ ცხოვრებაში ჩემი დრო აღსრულდა და შემდეგ ცხოვრებაში გადავედი. ილოცეთ ჩემთვის, რომ ალაჰმა წამებულად მიმიღოს. ეს გზავნილი ავტომატურად გამოქვეყნდა. იმედია, შემდეგ ცხოვრებაში გნახავთ”.

თუგრალის “ფეისბუქის” გვერდი კვლავ აქტიურია, მაგრამ მისი “ტვიტერის” ანგარიში ახლახან დაიბლოკა. “ამერიკის ხმის” კითხვაზე “ტვიტერმა” განაცხადა, რომ 2015 წლის მეორე ნახევრიდან, დაჯგუფებასთან დაკავშირებული 360 ათასამდე ანგარიში გაუქმდა, რომლებიც მუქარას, ან ტერორისტული აქტებისკენ მოწოდებას შეიცავდნენ.

სალი დოღანი, თურქეთის პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების მკვლევარი ბრიტანეთის კილის უნივერსიტეტში, ამბობს, რომ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოში” საბრძოლველად “თურქეთიდან ათასობით ადამიანი” წავიდა. იმის მიუხედავად, რომ “ყველაზე გავლენა სირიის დამასკოს რეგიონში მომხდარმა სისასტიკემ მოახდინა”, ახალწვეულების მოტივი მაინც განსხვავებულია. ვინც კონსერვატიულ ოჯახებში გაიზარდა, შესაძლოა, ჯიჰადის იდეოლოგია იზიდავდეს, ნაწილი ფიქრობს, რომ უსამართლო სამიზნედ გადიქცა, ზოგი დაბალი სტატუსითაა უკმაყოფილო, ზოგს კი ფინანსური მოგების ინტერესი აქვს.

“იმ გზის გავლა, რომელიც ამ ხალხს უწევს, საშინელებაა” - ამბობს დოღანი. “ვფიქრობ, საბოლოო ჯამში მათ იმ სიცარიელის შევსება სურთ, რომელიც ადამიანის გულში, მის ემოციურ სამყაროში ბუდობს”.

დაჯგუფების მიერ კონტროლირებულ რაქაში, თუგრალი ბავშვებს ტელესკოპის გამოყენებას ასწავლიდა. ეს ფოტო “ტვიტერზე” 2016 წლის 5 მაისს გამოქვეყნდა. 

დაჯგუფების მიერ კონტროლირებულ რაქაში, თუგრალი ბავშვებს ტელესკოპის გამოყენებას ასწავლიდა. ეს ფოტო “ტვიტერზე” 2016 წლის 5 მაისს გამოქვეყნდა. 

თუგრალის ცხოვრების შესახებ ბორათაქს ჯერ კიდევ ბევრი კითხვა აქვს.

ერთხელ, ღამის ცაზე მათ მოულოდნელად აუხსნელი მკვეთრი სინათლე დაინახეს, რომელზეც ბორათაქმა თქვა, რომ შესაძლოა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ყოფილიყო. რაშიდმა ჩუმად მოისმინა და მოგვიანებით ეს საკითხი გამოიკვლია. “მითხრა, არა, იდიოტო… ეს სატელიტია”. მერე დამარიგა, რომ არასოდეს გამომეტანა დასკვნა საკითხის მოკვლევის, შესწავლის გარეშე.

ბორათაქი დღესაც ვერ ხვდება, თუ როგორ აღმოჩნდა თუგრალი დაჯგუფების პროპაგანდის და სისასტიკის სამიზნე.

“სულ მაინტერესებს… როგორ მივიდა აქამდე? ერთ დროს მხიარული კაცი იყო, რომელიც სერიოზულად არაფერს აღიქვამდა. იგივე კაცმა ცხოვრება თავების მოჭრით დაასრულა”.

მისი თანაკურსელის ჩელიქის თეორიის მიხედვით, თუგრალმა ვერ შეძლო ხიდის პოვნა ორ, ერთმანეთისგან გაყოფილ სამყაროს შორის. “მე მგონია, რომ ის თავის ფიქრებში ძალიან დაბნეული და ძალიან არეული იყო - ერთის მხრივ რელიგიით და მეორეს მხრივ მეცნიერებით”.

“ვფიქრობ, მისი შინაგანი სამყარო დიდი სიბნელით იყო მოცული” - ამბობს ჩელიქი. “ამას ჯერ კიდევ მანამდე ვგრძნობდი, ვიდრე ის დაჯგუფებაში გაწევრიანდებოდა”.

ავტორები: უზეი ბულუთი, კაზიმ ჩინდემირი და რიქარ ჰუსეინი “ამერიკის ხმის” ვაშინგტონის ჯგუფიდან “ექსტრემიზმის კვალდაკვალ”. თურქეთში, ანკარაში ილდიზ იაზიციოღლუ მუშაობდა. დაწერილია ქეროლ გინსბურგის მიერ. ფოტოების მთავარი წყარო, თუ სხვა წყარო არ არის მითითებული, რაშიდ თუგრალის “ფეისბუქის” და “ტვიტერის” ანგარიშებია.